მე-12 საერთაშორისო კონფერენცია 18-19 ივნისი 2015 ბათუმი, საქართველო

კონფერენციის შესახებ

18-19 ივნისს, ქ. ბათუმში, რიგით მე-12 საერთაშორისო კონფერენცია - „საქართველოს ევროპული გზა" გაიმართება, რომელიც 2007 წლიდან, ტრადიციულად, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით ტარდება. აღნიშნული კონფერენცია მიეძღვნება „აღმოსავლეთ პარტნიორობის" რიგის სამიტის შედეგების, ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების და მისი ნაწილის, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის კომპონენტის განხორციელების საკითხების განხილვას. ასევე, რეგიონში არსებული გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმობა ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოში უსაფრთხოების გამოწვევებს.
2014 წელს, ასოცირების შეთანხმების ხელმოწერით საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში თანამშრომლობის გაღრმავებისა და განვითარების ახალი ჰორიზონტები გაიხსნა. ამავდროულად, საქართველო უმნიშვნელოვანესი გამოწვევების წინაშე დგას. ერთი მხრივ, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებისა და მისი, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის კომპონენტის მნიშვნელოვანი ნაწილის ამოქმედების შედეგად სასიცოცხლო მნიშვნელობას იძენს შეთანხმების ეფექტიანი განხორციელების უზრუნველყოფა, რაც, თავის მხრივ, იძლევა ქვეყნის მოდერნიზაციის, დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცების, ეკონომიკის განვითარებისა და ევროპულ ერებს შორის ღირსეული ადგილის დამკვიდრების რეალურ შესაძლებლობას. მეორე მხრივ, გასათვალისწინებელია, ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოში არსებული მძიმე გეოპოლიტიკური ვითარება, რომელიც წარმოადგენს მნიშვნელოვან გამოწვევას არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ევროპული მისწრაფებების მქონე სხვა ქვეყნებისათვის და მთლიანად ევროპისთვის. შესაბამისად, უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ევროპელი პარტნიორების მხრიდან საქართველოსა და რეგიონის ქვეყნებისთვის პოლიტიკურ და ეკონომიკურ მხარდაჭერას, მათ შორის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის თვალსაზრისით.

ბათუმი, საქართველო
  • დავით ბაქრაძე სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში
    2014 წლის 27 ივნისს ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერით საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში თვისობრივად ახალი ეტაპი დაიწყო, რამაც შეუქცევადი გახადა ქვეყნის ევროპეიზაციის პროცესი. ევროინტეგრაცია წარმოადგენს საქართველოს როგორც საგარეო, ასევე, საშინაო პოლიტიკის გრძელვადიან სტრატეგიულ პრიორიტეტს. ასოცირების შესახებ შეთანხმება საქართველოს მოდერნიზაციის სამოქმედო გეგმაა, რომელიც ქვეყნის პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური ცხოვრების ყველა სფეროს შეეხება. ​ასოცირების შესახებ შეთანხმების მნიშვნელოვანი ნაწილის ამოქმედების შემდეგ უაღრესად დიდ მნიშვნელობას იძენს მისი ეფექტიანი განხორციელების უზრუნველყოფა. აუცილებელია, მოხდეს ქვეყნის მიერ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების დროული შესრულება და მოსახლეობისათვის ხელშესახები შედეგების მიწოდება.
    ვრცლად
  • “საქართველო ევროკავშირის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ინიციატივის ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა. ასოცირების შეთანხმება საქართველოს ევროპული მისწრაფებების შედეგია; ეს თქვენი ევროპული არჩევანია. გარდა ამისა, ევროკავშირის ინტერესია ხელი შეუწყოს და დაეხმაროს საქართველოს დემოკრატიული, სტაბილური და წარმატებული სახელმწიფოს მშენებლობაში“.

     

     

    იოჰანეს ჰანი ევროკომისარი ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების საკითხებში
  • „მინდა მივულოცო საქართველოს მოსახლეობას ეს ისტორიული მომენტი საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში. ევროპარლამენტი დარწმუნებულია, რომ ეს შეთანხმება არის მნიშვნელოვანი ეტაპი შემდგომი რეფორმებისათვის დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბების მიზნით, რომელსაც ახასიათებს პოლიტიკური პლურალიზმი, არადისკრიმინაციულობა, ტოლერანტობა, სამართალიანობა, სოლიდარობა, თანასწორობა და ადამიანის უფლებების დაცვა. ამჟამად, საქართველოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სრულად განახორციელოს ნაკისრი ვალდებულებები და მოახდინოს ევროკავშირის საერთო პრინციპებისა და ღირებულებებისადმი ერთგულების დემონსტრირება."

     

     

    მარტინ შულცი ევროპარლამენტის პრეზიდენტი
  • "ჩვენ მადლიერები ვართ იმ  მნიშვნელოვანი წვლილისთვის, რომელიც საქართველოს შეაქვს ავღანეთში ჩვენს მისიაში. საქართველო, ასევე, მონაწილეობს ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში და ევროკავშირის ოპერაციებში, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო დიდი წვლილი შეაქვს ნატოს ოპერაციებში და ჩვენს საერთო უსაფრთხოებაში. აღნიშნული თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება არსებითი პაკეტის განხორციელებითა და საქართველოში ნატოს სასწავლო ცენტრის ჩამოყალიბებით."

     

    იენს სტოლტენბერგი ნატოს გენერალური მდივანი
  • „საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმებამ, რომელსაც  მიმდინარე წლის ივნისში მოვაწერეთ ხელი,  ჩვენი ურთიერთობა ახალ ეტაპზე გადაიყვანა. ასოცირების შეთანხმებამ  პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის გაღრმავების შესაძლებლობა მოგვცა. შედეგად, შეთანხმების განხორციელება ხელს შეუწყობს საქართველოს შემდგომ განვითარებასა და ევროკავშირთან უფრო მეტად დაახლოებას."

     

    ფედერიკა მოგერინი ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში
  • ყველა რეფორმის მამოძრავებელი ძალა არის საქართველოს სწრაფვა ევროპული და ევროატლანტიკური სივრცისკენ, რაც აერთიანებს ქართველ ხალხს და მათ პოლიტიკურ წარმომადგენლობას. საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი, ასევე, წარმოადგენს შემდგომი რეფორმების კონკრეტულ გეგმას. საქართველოს აქვს ამ პროცესის გაგრძელების   სურვილი და ამბიცია, რათა ევროინტეგრაციის პროცესში თანმდევი ტრანსფორმაციის შედეგად  გახდეს რეგიონში მაგალითი ქვეყანა
    ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრი
  • “იმისთვის რომ შევიდეთ ევროპაში, უნდა გავხდეთ  ევროპა ჩვენი ცხოვრების წესით, დემოკრატიითა და პლურალიზმით. უნდა ჩამოვაყალიბოთ მართვის დასავლური სისტემა და ჭეშმარიტად სამართლებრივი სახელმწიფო. სახელმწიფო, სადაც კანონის უზენაესობა ურღვევი პრინციპია. სამართლებრივ სახელმწიფოში კანონის წინაშე ყველა თანაბარია – როგორც ინდივიდი, ისე სახელისუფლებო ინსტიტუტი. ნათელია, რომ დემოკრატიზაცია და ინსტიტუციონალიზაცია ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის  საფუძველია.”

    გიორგი მარგველაშვილი საქართველოს პრეზიდენტი
  • "საქართველო  წარმატებით აგრძელებს მისი სუვერენული არჩევანის  - ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას."

    ალექსანდერ ვერშბოუ ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე